MEP პროექტების მენეჯერი – რა როლი აქვს კომპანიის წარმატებაში?

,,თანამედროვე სამყაროში ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება იცხოვრონ კომფორტულ გარემოში, რის შექმნაშიც ინჟინერიას დიდი წვლილი მიუძღვის“

ჩვენს ბლოგში MEP ინჟინერიის როლსა და ფუნქციაზე ხშირად ვსაუბრობთ და გაცნობთ ადამიანებს, რომლებსაც სფეროს განვითარებასა და წინსვლაში საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეაქვთ. ამჯერად კომპანია ,,ვერგეს“ MEP პროექტების მენეჯერი გურამ თუმანიშვილი გვესაუბრა.

გურამი კომპანია ,,ვერგეს“ გუნდს 2022 წლიდან შეუერთდა და წარმატებული საინჟინრო პროექტების შექმნაში აქტიურად არის ჩართული. რა გზა გაიარა მხაზველობიდან ხელმძღვანელ პოზიციამდე თავად მოგვიყვება. ინტერვიუში ვსაუბრობთ MEP პროექტების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებსა და ამ მნიშვნელოვანი ფიგურის როლზე კომპანიის წარმატებაში.

– გურამ თავდაპირველი პროფესიით ეკონომისტი ხართ, საინჟინრო სფეროთი როდის დაინტერესდით?

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნეს ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მალევე მივხვდი, რომ ეკონომიკაზე მეტად საინჟინრო სისტემები მაინტერესებდა და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პარალელურად, საპროექტო კომპანიაში ვმუშაობდი MEP სისტემების მხაზველის პოზიციაზე. ვინაიდან მექანიკურ ნაწილთან უფრო მეტი შეხება მქონდა, გადავწყვიტე ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურად არქიტექტურის ფაკულტეტი შემერჩია – თბოაირმომარაგების და ვენტილაციის განხრით.

საინჟინრო პროექტზე მუშაობისას
საინჟინრო პროექტზე მუშაობისას

საპროექტო კომპანიაში მუშაობის პერიოდში ხშირად დავდიოდით MEP სისტემების გამოფენებზე და ვეცნობოდით დარგის სიახლეებს, რაც პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების დაგროვებაში დამეხმარა. ასევე, მიწევდა ობიექტებზე გასვლა და შესრულებული სამუშაოების შემოწმება ნახაზებთან შესაბამისობაში.

მართალია პროექტირების ეტაპზე ბევრი ფაქტორის გათვლა ხდება, მაგრამ უშუალოდ ობიექტებზე თავს იჩენდა საკითხები, რაც ინჟინრული გადაწყვეტილების მიღებას ადგილზე მოითხოვდა.

– საქმიანობა კომპანია ,,ვერგეში“ როდის და როგორ დაიწყეთ?

– ,,ვერგეში“ ჩემი საქმიანობა 3 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველი მოვალეობა იყო საშემსრულებლო ნახაზების მომზადება, ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი გუნდის წევრებთან კომუნიკაცია. შემდეგ გადავედი პროექტ მენეჯერის პოზიციაზე და აქტიურად ჩავები სამონტაჟო პროცესების დაგეგმვასა და შედეგების გადმოწმებაში.

ჩემი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს პროექტების დაგეგმვა, დაგეგმილი პროცესის თვალყურის დევნა და შეუფერხებლად მსვლელობის უზრუნველყოფა, იქნება შეკვეთების მენეჯმენტი, დამკვეთებთან კომუნიკაცია და ცვლილებების შეთანხმება, ასევე საინსტალაციო ჯგუფისთვის შესაბამისი დავალებების მომზადება-გაცემა თუ სხვა. ყოველდღიურად ჩართული ვარ ამ პროცესებში და ვცდილობ ჩვენს გუნდთან ერთად, ხარისხიანი და წარმატებული პროექტები შევმატოთ ქვეყანას.

– როგორ ფიქრობთ ,,ვერგეში“ დასაქმებული ადამიანების არჩევანი რატომ შეჩერდა კონკრეტულად ამ კომპანიაზე? რითია გამორჩეული დღევანდელ ბაზარზე?

– ,,ვერგეში“ პროფესიულად საინტერესო გარემოა, ახალი გამოცდილების მიღების და ზრდის შესაძლებლობა. კვალიფიციური თანამშრომლები, წამყვანი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი, ჯანსაღი ამბიცია, მუდმივი სწრაფვა წინსვლისკენ  და გუნდის წევრებისთვის განვითარების ფართო არეალია. მაგალითისთვის ჩემი ისტორიაც გამოდგება, მხაზველ ინჟინერიდან როგორ გადავედი შემდეგ ეტაპებზე და დავაგროვე ახალი გამოცდილება.

– საინჟინრო სისტემების პროექტების მართვა რა თავისებურებებით ხასიათდება? რა არის აუცილებელი მსგავსი მიმართულებით მუშაობის დროს?

– MEP სისტემების პროექტების მენეჯერი მნიშვნელოვანი ფიგურაა ნებისმიერი პროექტის წარმატებისთვის. მისი უნარები და თვისებები განსაზღვრავს პროექტის ეფექტურობას. ის არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გუნდის მობილიზება, დავალებების განაწილება, პრობლემების გადაჭრა და საბოლოო მიზნის მიღწევა.

აუცილებელია სამუშაო პროცესების თანმიმდევრულად და შეუფერხებლად დროში გაწერა. ადამიანი, რომელიც პროექტებს მართავს უნდა ერკვეოდეს კადრების მენეჯმენტში, შეეძლოს რესურსების სათანადოდ მართვა, ჰქონდეს სწორი კომუნიკაციის და მოთმინების უნარი, ასევე ინფორმაციის დამუშავების და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. აღარაფერს ვიტყვი ტექნიკური მიმართულებით ცოდნაზე: სფეროს გარშემო სიღრმისეული განათლება და უნარები გადამწყვეტია.

– მსგავსი პროექტების მენეჯმენტი უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, თქვენ რა ბარიერებს აწყდებით ხოლმე ყველაზე ხშირად?

საინჟინრო პროექტზე მუშაობისას
საინჟინრო პროექტზე მუშაობისას

– როგორც აღვნიშნე, უნდა შეგეძლოს გაუთვალისწინებელი სიტუაციების მართვა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, დიდი პროექტების მიმდინარეობისას ხშირია ცვლილებები და გიწევს სწრაფი ადაპტაცია, გადაწყობა, დამკვეთის სურვილებზე მორგება. მნიშვნელოვანია დავალებების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი: დედლაინების დაცვა და შედეგების შეფასება.

– თქვენი საქმიანობა და პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა ყველა საუბრობს რომ ადამიანური რესურსის სიმცირეა ამ მიმართულებით, რატომ ხდება ასე?

– დიახ, დარგი მოთხოვნადია, მაგრამ პროფესიონალების სიმცირეა. არაჯანსაღი კონკურენცია საინჟინრო ბაზარზე ქმნის ხარვეზებს. ასევე დეფიციტს იწვევს ქვეყნიდან გამოცდილი კადრების გადინება. შედეგად არაკვალიფიციური რესურსით ხდება ბაზრის გაჯერება.

– საქმე, რომელსაც ემსახურებით მოითხოვს ფეხის აწყობას, არ ჩამორჩენას ტენდენციებსა და სიახლეებთან, რამდენად ითვალისწინებთ ამ ფაქტორებს?

– თანამედროვე სამყაროში ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება იცხოვრონ კომფორტულ გარემოში, რის შექმნაშიც ინჟინერიას დიდი წვლილი მიუძღვის. ის ადამიანების მოთხოვნილებებთან ერთად, იხვეწება და მათ ინტერესებს ერგება. დღევანდელ ერაში ცვლილებები სწრაფად ხდება, ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. თან ინფორმაციის მიღება-დამუშავების მეთოდები გამარტივდა და რა თქმა უნდა ფეხს თუ ვერ აუწყობ კონკურენტუნარიანიც ვერ იქნები. ჩვენს სფეროში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. კომპანია ,,ვერგე“ ხელმძღვანელობს თანამედროვე სტანდარტების დაცვით. მუდმივად ვეცნობით სფეროს სიახლეებს, ინოვაციურ მიდგომებს, ვესწრებით და ვმონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებში და ასე ვაპირებთ მომავალშიც.

– საკუთარ თავს მომავალშიც საინჟინრო პროექტების მართვის კუთხით ხედავთ?

– უახლოეს მომავალს კვლავაც  პროექტების მართვის კუთხით განვიხილავ, თუმცა უფრო მაღალ საფეხურზე – უფრო მასშტაბურ და საინტერესო პროექტებზე, რაც მომცემს მეტი განვითარების და წინსვლის საშუალებას. ჩემთვის კვლავაც აქტუალური იქნება გამოწვევების და ახალი ეტაპების წარმატებით გადალახვა.

ჩვენი ბლოგის სხვა ინტერვიუები:

კომპანია ,,ვერგეს“ დამფუძნებელთან გიორგი ჭინჭარაულთან

საპროექტო გუნდის ხელმძღვანელთან მამუკა ჯახაიასთან

ჩვენი MEP სერვისის შესახებ იხილეთ  აქ

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

ჩილერი – საუკეთესო გადაწყვეტა შიდა სივრცის გაგრილებისთვის

 ჩილერი (“Chiller”) შენობაში სივრცის გაგრილებისთვის შექმნილი მაცივარ-დანადგარია. ის არის HVAC სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი დახმარებით, შეგვიძლია შევქმნათ სასურველი კლიმატი შიდა სივრცეში. დღეს ეს მოწყობილობა ფართოდ

Batumi Build

,,ვერგე“ მონაწილეობდა გამოფენაზე Batumi Build 2024

კომპანია ,,ვერგემ“ მონაწილეობდა მე-13 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენაზე ,,Batumi Build 2024’’. გამოფენა 6-8 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა. ჩვენმა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას