წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა ერთ-ერთი ის ფუნდამენტური მხარეა, რის გარეშეც შეუძლებელია შენობის გამართულად ფუნქციონირება. მსგავსი სისტემების არასწორ და უხარისხო მონტაჟს, ხშირად გაუთვალისწინებელ საფრთხეებთან მივყავართ. სამუშაოს მიმართ მხოლოდ პროფესიონალური მიდგომებით ვიღებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ, მდგრად პროდუქტს. სწორი პროექტირება-მონტაჟით გამოვრიცხავთ სისტემის არასწორად მუშაობას და მის თანმდევ უსიამოვნებებს.
დღეს არსებული მოწინავე, კომფორტული და მოსახერხებელი სანტექნიკის სისტემები უძველესი ცივილიზაციების შედეგია. უძველესი დროიდან დაიწყო ფიქრი მსგავსი სისტემების შექმნისთვის, რამაც გაამარტივა და შეცვალა ადამიანის ცხოვრება.
რა ხდებოდა სანამ მომხმარებლებისათვის როგორც სასმელი, ასევე საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მიზნებისათვის, უწყვეტი წყალმომამარაგების მიწოდების სისტემა შეიქმნებოდა? ადამიანები ირჩევდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ისეთ ტერიტორიებს, რომელიც ახლოს იყო მდინარესთან ან ტბასთან. სხვა შემთხვევაში, მოსახლეობა ჭის წყლით აგვარებდა წყლის მომარაგების პრობლემას.
ცივილიზაციების განვითარებასა და დიდი ქალაქების ჩამოყალიბებას მოჰყვა ფიქრი წყლის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე. პირველი წყლის მილები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500-4000 წლებით თარიღდება. ერთ-ერთი პირველი წყალგაყვანილობა გაკეთდა ძველ ეგვიპტეში და სპარსეთში. შემდეგ ძველმა რომაელებმა და ბერძნებმა შექმნეს და განავითარეს აღნიშნული მიმართულება. კანალიზაციის ცენტრალური სისტემები ჰქონდათ ბაბილონში, ჩინეთისა და ინდოეთის ქალაქებშიც.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანტიკური ხანის საინჟინრო მიღწევებს შორის, რომაული აკვედუკებია. აკვედუკის მეშვეობით (წყალსატარი, არხი, მილი), წყალი თვითდინებით მიემართებოდა დასახლებული პუნქტებისაკენ, სარწყავი და ჰიდროენერგეტიკული სისტემებისაკენ. მათ აშენებამდე ინჟინრები საგულდაგულოდ ამოწმებდნენ წყლის ხარისხს. ისინი აგრეთვე აკვირდებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც ამ წყალს სვამდა. მას შემდეგ, რაც ადგილი შეირჩეოდა, ადგენდნენ რა მიმართულება და როგორი დაქანება მიეცათ მილებისთვის, ასევე არხების ზომასა და სიგრძეს საზღვრავდნენ. უკვე გამოყენებული წყალი აბანოდან აკვედუკებით ჩაედინებოდა საკანალიზაციო მილებში და უწყვეტად რეცხავდა ნარჩენებისგან. გარდა ამისა, ამ წყლით ირეცხებოდა აბანოების საპირფარეშოებიც. ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, აბანოების მსგავსად, საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც რომის ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ რომის და ბერძნული იმპერიების დაცემის შემდეგ მსგავსი სისტემების განვითარება დიდი ხნით შეწყდა.
რაც შეეეხება მასალებს – ყველაზე ადრეული სანტექნიკის მილები ძირითადად მზადდებოდა გამომცხვარი თიხისგან, ხოლო ეგვიპტელებმა პირველებმა დაამზადეს და გამოიყენეს სპილენძის მილები.
აღორძინების ხანა
კანალიზაციის შექმნის საკითხს ევროპაში მხოლოდ აღორძინების ხანაში დაუბრუნდნენ. ცუდი საკანალიზაციო სისტემები ხშირად მასობრივ ეპიდემიებს იწვევდა. სანიტარული სტანდარტების ნაკლებობის გამო, დაავადებები ბევრად სწრაფად ვრცელდებოდა და უამრავი ადამიანიც იმსხვერპლა. შუა საუკუნეებში პირველი წყალგაყვანილობის სისტემა ხის მასალისგან შექმნეს. 1664 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ ბრძანა თუჯისგან დამზადებული სანტექნიკის მთავარი ხაზები აეგოთ. ორი საუკუნით ადრე კი, ცნობილმა იტალიელმა ხელოვანმა და გამომგონებელმა, ლეონარდო და ვინჩიმ საპირფარეშოს და საკანალიზაციო სისტემის კონსტრუქცია დააპროექტა, თუმცა პროექტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან დღემდე არის შემორჩენილი უძველესი, ამტიკური ხანის წყალგაყვანილობის სისტემის ნაშთები (თიხით დამზადებული), მაგალითად უფლისციხესა და ვარძიაში. სამწუხაროდ, შუა საუკუნეებში თბილისშიც ევროპული ქალაქების მსგავსი სიტუაცია იყო. საკანალიზაციო სისტემის გამართვა მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან, თბილისის შენობების 70% მეტი უკვე დაკავშირებული იყო საკანალიზაციო სისტემასთან.
ინდუსტრიული რევოლუციის გავლენა
ინდუსტრიულმა რევოლუციამ (მე-18-19 საუკუნეები) გამოიწვია სანტექნიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა. რკინამ და მოგვიანებით გალვანიზებულმა ფოლადმა შეცვალა ტყვიის მილები და შიდა სანტექნიკა უფრო გავრცელებული გახდა ქალაქებში. ახალმა გამოგონებებმა განავითარა და კომფორტული გახადა ადამიანის ცხოვრება.
პლასტიკურმა მილების მასალებმა, როგორიც არის მაგალთად PVC და ABS, პოპულარობა მოიპოვა მე-20 საუკუნის შუა წლებში მათი ხელმისაწვდომობისა და ინსტალაციის სიმარტივის გამო.
თანამედროვე სანტექნიკა
ისტორიის მანძილზე, სანტექნიკა თამაშობდა გადამწყვეტ როლს სანიტარული პირობების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ზოგადად ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. თანამედროვე სანტექნიკის სისტემები აგრძელებს განვითარებას, ფოკუსირებულია წყლის კონსერვაციაზე, მდგრადობასა და მეტ ეფექტურობაზე. ინოვაციებმა ტექნოლოგიასა და მასალებში, განაპირობა გაუმჯობესებული წყლის გამაცხელებლები, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები და ეკოლოგიურად სუფთა მრავალფეროვანი მოწყობილობები.
როგორც აღვნიშნეთ, ტექნოლოგიური მიღწევები განაგრძობენ გავლენას სანტექნიკის სისტემების ფორმირებასა და გაუმჯობესებაზე, რათა დააკმაყოფილოს თანამედროვე ცხოვრების საჭიროებები და გამოწვევები. თანამედროვე სამყაროში, არ არსებობს მშენებლობების განვითარება წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების გარეშე. ნებისმიერი შენობის წარმოდგენა სანტექნიკური სისტემების გარეშე წარმოუდგენელია.
გარკვეულწილად წყალმომარაგება-წყალარინების სისტემა სხვა საინჟინრო პოზიციებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია, ალბათ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ნაკლებად ხილული და შესამჩნევი მოცემულობაა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ საკმარისია წარმოვიდგინოთ ერთი დღე მის გარეშე და მივხვდებით, რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ისევე როგორც წინასაუკუნეებში, თანამედროვე სამყაროშიც ამ მხრივ უამრავი გამოწვევაა. თანამედროვე არქიტექტურის და შენობა ნაგებობის განვითარებამ გამოიწვია ახალი სირთულეები წყალმომარაგების და წყალარინების სფეროში. დღეს გვიწევს სასმელი წყლის დაგროვება-შენახვა, ფილტრაცია და სასმელად ვარგისიანობის მონიტორინგი, ტემპარატურის კონტროლი და ა.შ. გვაქვს უამრავი სახეობის და ტიპის სანტექნიკური ფურნიტურა, რომელთაც აქვთ გამოყენების სხვადასხვა პირობები და დანიშნულებითი განსხვავებები, შესაბამისად კვალიფიციური მიდგომაა საჭირო, რათა შეიქმნას ფინანსურად, ტექნოლოგიურად და რაც მთავარია ტექნიკურად სწორი და გამართული სისტემის პროექტირება და მონტაჟი.