ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები მოიცავს მთელ რიგ ტექნოლოგიებს, რომლებიც შექმნილია ხანძრის პრევენციისთვის, მისი გამოვლენისა და ჩახშობისთვის. ალბათ გსმენიათ, რომ არსებობს წყლით, ქაფით და ასევე, მშრალი ტიპის ხანძარქრობა.
სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომბინირებულად დანერგვა აუცილებელია ხანძრისგან ეფექტური დაცვისთვის სხვადასხვა გარემოში, მათ შორის საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და საჯარო სივრცეებში.
აღნიშნული ტექნოლოგიები შექმნილია სხვადასხვა ტიპის ხანძართან საბრძოლველად და კონკრეტული სისტემის არჩევა-გამოყენება დამოკიდებულია განსხვავებულ ფაქტორებზე.
წყლით ხანძარქრობის სისტემა:
მსგავსი სისტემა, რომელიც იყენებს წყალს, როგორც ჩაქრობის საშუალებას, რამდენიმე ტიპის არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადია „სპრინკლერული სისტემა“, რომელიც მრავალი წელია, იცავს შენობებს ხანძრისაგან და ცეცხლის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ეს ტექნოლოგიები ეფექტურია ჩვეულებრივი წვადი მასალების, როგორიც არის ქაღალდი, ხე, ტექსტილი და ასევე ადვილად აალებადი ნივთიერებების შედეგად გაჩენილი ცეცხლის დროს (A და B კლასის ხანძრები). მსგავსი სისტემები ხშირად გვხვდება კომერციულ შენობებში, საწყობებში და საცხოვრებელ ნაგებობებში.
ქაფით ქრობის სისტემები:
ქაფი ეფექტურია აალებადი ნივთიერებებით გაჩენილი ხანძრის ჩასახშობად (B კლასის ხანძარი) ასევე ზოგიერთი ქაფით ქრობის სისტემა შესაფერისია A კლასის ხანძრისთვისაც.
განკუთვნილია სპეციფიური სამრეწველო, გადამამუშავებელი ობიექტებისთვის, მაგალითად სადაც მუშავდება აალებადი ნივთიერებები, ქიმიკატების და საწვავის შესანახი ობიექტებისთვის, ასევე აეროპორტებისთვის და სხვა.
ქიმიური ხსნარების წყალთან შერევის შედეგად წარმოიქმნება ქაფი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ანეირტალებს ნავთობპროდუქტებიდან წარმოქმნილი ცეცხლის კერას.
მშრალი ტიპის ხანძარქრობის სისტემები:
მშრალი ფხვნილით (Dry Powder) ხანძრის ქრობის სისტემა – ეს არის ძალიან მოქნილი საშუალება და შესაძლებელია გამოყენება სხვადასხვა კლასის სათავსოში. ეფექტურად აქრობს ხანძარს, განსაკუთრებით ელექტრულ ხანძარს და ამცირებს ელექტრონული სისტემების დაზიანების რისკებს, ამიტომ ხშირად ელექტრო და სასერვერო ოთახებში ამონტაჟებენ. სათავსში მონტაჟდება ცეცხლმაქრი, სადაც წნევის ქვეშ მოთავსებულია ქიმიური ელემენტებისგან შემდგარი ფხვნილი და გარკვეული ტემპერატურის მიღწევის შემდგომ გამოიფრქვევა გარეთ.
გაზით (Clean Agent) ხანძრის ქრობის სისტემა – ეს სისტემა არ არის ყველაზე გავრცელებული, მაგრამ ხშირად გამოიყენება მონაცემთა ბაზებში, საკონტროლო ოთახებში და არქივებში. სისტემა იყენებს გაზს, რომელიც ანაცვლებს სათავსოში ჟანგბადს და ეს თავისთავად იწვევს ხანძრის ქრობას.
ხანძარქრობის თითოეულ საშუალებას აქვს საკუთარი უპირატესობები და შეზღუდვები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ გარემოში ხანძრის სპეციფიკური რისკების შეფასებას და შესაბამისი სისტემის შერჩევას. გარდა ამისა, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების პროექტირების და ინსტალაციის დროს, აუცილებელია ადგილობრივი ხანძარსაწინააღმდეგო კოდებისა და წესების დაცვა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სისტემის სწორი ექსპლუატაცია და რეგლამენტით გაწერილი ტესტირებების შესრულება, რათა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სისტემები სრულ მზადყოფნაში იყოს.
რა გზა გაიარა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებმა შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.