,,ჩვენს დარგში მხოლოდ ის კომპანიები უძლებენ კონკურენციას, ვისაც ცოდნა, გამოცდილება და კეთილსინდისიერება აქვთ“ – ამბობს გიორგი ჭინჭარაული, კომპანია ,,ვერგეს“ დამფუძნებელი.
,,ვერგემდე“ მისი გამოცდილება MEP სისტემებში საპროექტო, სამონტაჟო და საზედამხედველო მიმართულებით 10 წლიან პრაქტიკულ ცოდნას და განვითარებას ეფუძნება. დაგროვილი თეორიული თუ პრაქტიკული განათლება 3 წლის წინ გამოწვევად და ჯანსაღ ამბიციად აქცია. გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი კომპანია, სადაც იდეებსა და დასახულ მიზნებს სწორად განახორციელებდა.
დღეს ,,ვერგე“ მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის მიმართულებით, უამრავი ბიზნეს კომპანიის თუ კერძო სუბიექტის საიმედო პარტნიორია. საზოგადოებას, მასზე მორგებულ საინჟინრო (MEP) სისტემების სრულ მომსახურებას სთავაზობს.
თანამედროვე პირობებში, სწრაფად განვითარებადი საინჟინრო სფერო სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას, რაც კომპანიებს უბიძგებს მიზნები შორი პერსპექტივით დასახონ და გაზრდილი კონკურენციის პირობებში, გამორჩეულები იყვნენ. როგორ დავზოგოთ დრო და ფული და შევქმნათ ენერგოეფექტური და მდგრადობაზე ორიენტირებული პროექტები ,,ვერგეს“ მაგალითზე გიყვებით. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჭინჭარაული იხსენებს და აფასებს ორგანიზაციის განვლილ გზას.
– გიორგი დავიწყოთ სულ თავიდან, რატომ და როდის დაინტერესდით საინჟინრო სფეროთი?
– აღნიშნულ სფეროში მეგობრის რეკომენდაციით აღმოვჩნდი. ის ერთ-ერთ საინჟინრო კომპანიაში მუშაობდა. ერთ დღეს, როდესაც მომიყვა რას მოიცავდა მისი საქმიანობა, ჩემში ინტერესი გამოიწვია და გამიჩნდა სურვილი, მეც მეცადა მუშაობა საინჟინრო მიმართულებით. მალე, იმავე ორგანიზაციაში შევუდექი მოღვაწეობას და გადავდგი პირველი ნაბიჯებიც.
საქმიანობა თავისთავად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან საინჟინრო სფერო არ იყო მკვეთრად განვითარებული, დოგმირებულად ჩარჩოებში მოქცეულიც. დამკვეთისთვის სწორი გადაწყვეტილებების მისაცემად გვიწევდა როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული საინჟინრო სტრატეგიის შემუშავება და სწორ გადაწყვეტილებებამდე, გუნდური მუშაობის შედეგად მისვლა. სწორედ გუნდური მუშაობა იყო, რაც უზრუნველყოფდა ჩვენს სწრაფ განვითარებას.
– სწრაფი განვითარება ვახსენეთ, რასაც მოჰყვა საკუთარი კომპანიის დაარსებაც. ,,ვერგეს’’ ისტორია 2019 წლიდან იწყება… რამ გიბიძგათ შეგექმნათ ის, როგორ მიხვედით მსგავს გადაწყვეტილებამდე?
– საინჟინრო სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება 2012 წლიდან დავაგროვე: საპროექტო, სამონტაჟო და საზედამხედველო მიმართულებით. გამიჩნდა ჯანსაღი ამბიცია გამეკეთებინა უფრო მეტი და შემექმნა ზღვარი – საინჟინრო გადაწყვეტილებებს, მათ შესრულებასა და საინჟინრო ქსელის მოწყობის კონტროლს შორის, რაც დამკვეთს მიაწოდებდა მისსავე კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შედეგზე ორიენტირებულ სერვისს. მიზნის შესრულებას თანმიმდევრულად შევუდექი…
– რომ არა ჯანსაღი ამბიცია და მიზანი, საკუთარი წვლილი შეგეტანათ სფეროს განვითარებაში, ალბათ არც ,,ვერგე“ იქნებოდა. ფიქრობდით, რომ მოკლე დროში ასე სწრაფად განვითარდებოდა კომპანია?
– რა თქმა უნდა დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მსგავს ზრდას არ ველოდით, თუმცა ჩვენი განვითარება მოხდა ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორი საინჟინრო ხედვების შედეგად. ეს კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციის საფუძველზე ხდებოდა. მათი ნდობის შედეგად, გავიზარდეთ და წინ წავედით.
– რა არის ის მთავარი, რაც დღეს გამოარჩევს ,,ვერგეს“ კონკურენტებისგან? დაიკავა უკვე საკუთარი ნიშა ბაზარზე?
– ცალსახად რთულია ამის თქმა, თუმცა ვფიქრობთ დამკვეთებისთვის ვქმნით საინჟინრო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ინდივიდუალურად მათზეა მორგებული და ყოველი ამ გადაწყვეტილების შედეგის და გავლენის შეფასებას ვახდენთ მათთან ერთად. კომპანიის გუნდი ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხით და თანამედროვე სტანდარტებით შექნას მომხმარებელზე ადაპტირებული მომსახურება. ჩვენ ვეხმარებით სწორად დაგეგმილი საინჟინრო ინვესტიცია განახორციელონ. რაღა თქმა უნდა, ეს ყოველივე ერთობლივად შექმნილი მეგობრული გარემოს დახმარებით ხდება.
ზემოთხსენებული დამოკიდებულებების გამო, ჩვენი დამკვეთი დარწმუნებულია ჩვენს კომპეტენციასა და ზღვრულ მოქმედებებში, რადგან იცის, რომ საინჟინრო სისტემის მიმართ მისეულ მოთხოვნებს, ეფექტურ შედეგად ვაქცევთ.
არც ისე დიდხნიანი საქმიანობის მიუხედავად, უკვე 100-მდე წარმატებული პროექტი გვაქვს შესრულებული. დამკვეთების რიცხვი იზრდება. ისინი საკუთარ გამოცდილებას თავის მეგობრებსა და პარტნიორებს უზიარებენ. მოგეხსენებათ, კმაყოფილი დამკვეთი ყველაზე დიდი რეკომენდატორი და რეკლამაა საქართველოს ბაზარზე.
– აქვე მნიშვნელოვანი ქეისები რომ გაიხსენოთ – პროექტები, რამაც ,,ვერგე“ როგორც კომპანია გაზარდა და განავითარა?
– საწყის ეტაპზე, ყველაზე დიდი ნდობა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ გამოგვიცხადა, მათი დავალება პირნათლად შევასრულეთ. გავაკეთეთ საკმაოდ კარგი ველიუ ინჟინერინგი (Value engineering), რისი მეშვეობითაც დამკვეთს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დავუზოგეთ. ახალი ქარხნის საოფისე ნაწილი მექანიკური საინჟინრო სისტემით აღვჭურვეთ. ამის შემდეგ, იყო სასტუმროების საერთაშორის ბრენდები: Sheraton, Hilton Canopy Inn, Ibis Budget, Ibis Blu, „თოლია“-ს ახალი ქარხანა და სხვა.
– როგორც აღვნიშნეთ, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა აკავშირებს ,,ვერგეს“ ბევრ კომპანიასთან, მისი პორტფელი სავსეა წარმატებული პროექტებით, წარმატებული რენომეს შექმნაში გადამწყვეტი რა არის?
– გადამწყვეტი ფაქტორი ის არის, რომ კომპანიის შექმნის დღიდან ვცდილობთ შემოვიკრიბოთ და განვავითაროთ ინჟინერთა ჯგუფები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების მიხედვით, იგეგმება კომპანიის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობა და არა პირიქით.
– შეგიძლიათ თქვენი კომპანის მაგალითზე გვითხრათ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ამ დარგში და საით მივყავართ თანამედროვე ტენდენციებს?
– მოქნილ, სწორ და საჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, ენერგოეფექტური სისტემების დანერგვა და განხორციელება არამხოლოდ დამკვეთისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც გამოწვევაა. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, დამკვეთმაც და შემსრულებელმაც აქტიურად უნდა იფიქროს ენერგოეფექტური სისტემების დანერგვაზე. ეს მათ მეტ სარგებელს და წლების მანძილზე დიდ ფინანსურ დანაზოგს მოუტანს.
– კონკურენცია ვახსენეთ, რამდენად დიდი და ჯანსაღია ის ბაზარზე?
– მოკლევადიან პერიოდში კონკურენცია დიდია, თუმცა გრძელვადიანი ხედვით მხოლოდ ის კომპანიები უძლებენ კონკურენციას, ვისაც ცოდნა, გამოცდილება და კეთილსინდისიერება აქვთ, რადგან მსხვილი და წვრილი დამკვეთი არ არსებობს ჩვენს ბაზარზე – არსებობენ მხოლოდ კმაყოფილი დამკვეთები და მათი რეკომენდაციები ყველაზე დიდი პიარია.
– მსგავს პირობებში, რა ხარვეზებს ხედავთ, რაც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას?
– საქართველოში მოქმედი გარკვეული ნორმები და განკარგულებები მოძველებულია, განსაკუთრებით გლობალური დათბობის პირობებში და საჭიროა მისი განახლება. ასევე, განათლების მიმართულებით ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი ცოდნით აღჭურვა ხდება სტუდენტების.
– და როდესაც განათლების და კომპეტენტურობის პრობლემა ასე მწვავედ დგას ბაზარზე, ,,ვერგემ“ მაინც შეძლო ნიჭიერი, პროფესიონალი ადამიანების გაერთიანება მის გუნდში. რა გეხმარებათ შემოიკრიბოთ მსგავსი ადამიანები?
– ჩვენ გამოწვევად მივიღეთ განათლების სისტემის მოუმზადებლობა დარგის ასეთი ზრდისთვის და ვცდილობთ გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, რაც წლებთან ერთად დავაგროვეთ. ასევე, აქტიურად ვგეგმავთ ჩვენი გუნდის განვითარებას და ხელშეწყობას სხვადასხვა ტრენინგების დაფინანსებით.
– არის დღეს ეს პროფესია დაფასებული და მოთხოვნადი?
– პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია, შესაბამისად არის კარგად ანაზღაურებადი და დაფასებულიც, თუმცა სამშენებლო სექტორის განვითარებასთან ერთად სულ უფრო იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე და კონკურენცია ამ მიმართულებითაც სწრაფად მზარდია.
– სირთულეებზეც გკითხავთ, რასაც ყველაზე ხშირად აწყდება თქვენს სფეროში პროფესიონალი კადრი. როგორ უმკლავდებით მათ?
– ძირითადად ეს დამკვეთებთან ურთიერთობას ეხება. ისინი ხშირად დროებით გამოსავალს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ჩვენ გვჭირდება გარკვეული ძალისხმევა, ალტერნატიულ, დროში გამოცდილ, სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებაზე მათ დასაყოლიებლად,
ასევე, ყველაზე რთული ალბათ თვითგანვითარებისთვის საკუთარი დროის ინვესტიციაა. როგორც ყველა სფეროში, აქაც საჭიროა მუდმივი ზრდა-განვითარება, რათა თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებს არ ჩამორჩე და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დარჩე.
– რა არის ის მთავარი, რაც ახლა თქვენ და ,,ვერგეს“ გამოძრავებთ და როგორ წარმოგიდგენიათ კომპანიის განვითარების გზა უახლოესიდან შორეულ პერსპექტივამდე?
– გვინდა ვერგეს განვითარება იმგვარად მოხდეს, რომ საინჟინრო სისტემებში ზღვარი და ხარისხი უცხოურ კომპანიებთან მიმართებაში, სულ მინიმუმ თანაზომიერი იყოს.
დიდი სურვილი გვაქვს განვითარება წარმოების კუთხითაც მოვახდინოთ. ასევე განათლების მიმართულებით შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ვიზრუნოთ სფეროს განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.