როდესაც კომპანიის დაარსების დღიდან მისი ნაწილი ხარ, მის განვითარებაში დიდი წვლილი შეგაქვს, წინ მიიწევ და მის ისტორიას შენც წერ, ერთ დღეს ის რიგით სამსახურზე მეტი ხდება. შორი თვალისთვის რუტინული და მოსაწყენი საქმე კი, საინტერესო და დიდ თავგადასავლად იქცევა. სადაც ,, ყოველთვის საჭიროა ადამიანი, რომელიც რთულ სიტუაციებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს“.
მამუკა ჯახაია კომპანია ,,ვერგეს“ პირველი ნაბიჯებიდან შეუერთდა. დაარსების დღიდან, მისი საპროექტო გუნდის ხელმძღვანელი და მთავარი ინჟინერია. მასთან ერთად ვსაუბრობთ პროფესიაზე, რომელიც არც ისე პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში, არადა მის გარეშე ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა წარმოუდგენელი იქნებოდა.
MEP ინჟინერია იგივე საინჟინრო კომუნიკაციები, რომელიც აერთიანებს ელექტრო და მექანიკურ მიმართულებას, უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის გამართულ მუშაობას. მშენებლობის დასაწყისიდანვე, პროექტის სრულფასოვანი განვითარებისათვის, არქიტექტორთან და კონსტრუქტორებთან ერთად, საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტის ჩართულობაც აუცილებელი და გადამწყვეტია. იმისათვის, რომ გახდე ამ დარგში პროფესიონალი, ბევრი შრომა და წინდახედულობა გჭირდება, რადგან ფუნქციურად განსხვავებულ მიმართულებებს აერთიანებს და ყველა ,,წვრილმანი“ ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ინტერვიუში მამუკა გვიყვება რა მოეთხოვება და რა სირთულეებთან გამკლავება უწევს საინჟინრო დარგის სპეციალისტს დღევანდელ პირობებში და რამდენად არის აღნიშნული პროფესია საქართველოში მოთხოვნადი და განვითარებადი.
– მამუკა საინჟინრო სფეროთი თქვენი დაინტერესება რას უკავშირდება, რატომ აირჩიეთ MEP ინჟინერია?
– სიმართლე გითხრათ პროფესიის არჩევის დროს, კონკრეტულად ამ მიმართულების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. ზოგადად, დაინტერესებული ვიყავი სამშენებლო სფეროთი, მინდოდა ნახაზებთან მუშაობა, მშენებლობის დაგეგმარება და ა.შ. მქონდა დაინტერესება სხვადასხვა მექანიზმის მუშაობის პრინციპებზე, მათი დაშლა-აწყობა ჩემთვის სასიამოვნო პროცესი იყო (ვაღიარებ, დაშლა უკეთ გამომდიოდა, ვიდრე აწყობა – ეს ხუმრობით). აქედან გამომდინარე, იმ მომენტისთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მივიჩნიე განათლება მიმეღო სამშენებლო მიმართულებით. უნივერსიტეტის პერიოდში მივხვდი, რომ არქიტექტურა და მშენებლობის ინჟინერია ნაკლებად საინტერესო იყო ჩემთვის, უფრო გამოიკვეთა სხვა განხრები, როგორიც იყო შენობის შიდა მექანიკური და ელექტრო სისტემების ინჟინერია. საქართველის ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო ასეთი სტრუქტურა: რაღაც ეტაპზე ზოგადი სწავლებიდან ირჩევდი კონკრეტულ მიმართულებას, პირველივე შესაძლებლობაზე ავირჩიე წყალმომარაგება-წყალარინების, თბო-აირმომარაგების და ვენტილაციის განხრა, სადაც გავაგრძელე საბოლოოდ სწავლა და გავხდი შენობის მექანიკური სისტემების ინჟინერი.
– სწავლის დასრულებისთანავე შეუდექით პრაქტიკულ საქმიანობას და საკმაოდ კარგი გამოცდილება დააგროვეთ. შეგიძლიათ თქვენი გასადახედიდან გვითხრათ, რა მოეთხოვება დღეს საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტს?
– MEP ინჟინერია ზოგადად ძალიან დიდ მასშტაბს მოიცავს. სისტემა იყოფა ორ დიდ პოზიციად, მექანიკურ და ელექტრო ნაწილად. აღნიშნული კატეგორიებიც თავის მხრივ იყოფა ქვეკატეგორიებად, შესაბამისად ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო (ფუნქციურად განსხვავებული მიმართულებების გათვალისწინებით) რათა გახდე MEP ინჟინერი. ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს, ყველა მიმართულებით ერთნაირი ცოდნა ჰქონდეს ადამიანს, ამიტომ მე ვამბობ, რომ მექანიკური ნაწილის ინჟინერი ვარ, რადგან ამ მიმართულებით გამაჩნია უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება. ეს არის მუდმივად განვითარებადი სფერო, სადაც ყოველდღე შეიძლება სიახლეების ნახვა, გარკვეული ოპტიმიზაციების გაკეთება, სისტემური შედარება, ანალიზი, ექსპერიმენტების ჩატარება… შესაბამისად, თუ დაინტერესებული და მონდომებული ხარ ამ მიმართულებით, რუტინული საქმე ნამდვილად არ არის. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მუშაობ, რათა მოგეცეს ამ ყველაფრის რეალიზების საშუალება.
– რადგან რეალიზება და განვითარება ვახსენეთ, აქვე გკითხავთ – თქვენ რამდენად მოგცათ ამის საშუალება კომპანიამ, სადაც ახლა ხართ? საინტერესოა როგორ გადაიკვეთა თქვენი და ,,ვერგეს“ გზა?
– ,,ვერგე“ დაარსდა 2019 წელს და თითქმის დაარსების დღიდანვე ამ კომპანიაში ვარ. კომპანიის დირექტორ გიორგი ჭინჭარაულთან დიდხნიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ამ სფეროს საშუალებით მოხდა ჩვენი გაცნობა. ერთად ვიმუშავეთ საპროექტო კომპანიაში, ასევე საზედამხედველო კომპანიაშიც, ერთად გვქონია შეხება უამრავ პროექტზე, გავცნობივართ სიახლეებს, გვიმსჯელია ბევრ საკითხზე საინჟინრო მიმართულებით. ახლოს გავეცანით რა სფეროს მუშაობის პრინციპებს, ზოგადად პროექტების მართვას, გავიგეთ ამ მიმართულებით არსებული პლიუსებიც და მინუსებიც. იდეოლოგიურად დარგის შესახებ უმეტესწილად ემთხვეოდა ჩვენი აზრები, შემდგომ თანამშრომლობა გადაიზარდა მეგობრობაში, გაჩნდა ,,ვერგეს“ შექმნის იდეაც და მალე შეიქმნა კიდეც. ეს არის კომპანია, რომელიც გუნდურ პრინციპებზეა აგებული და თანამშრომელს განვითარების საშუალებას ნამდვილად აძლევს.
საქმიანობას რაც შეეხება, ამ კომპანიაში ვარ საპროექტო გუნდის ხელმძღვანელი, რაც გულისხმობს უშუალოდ პროექტების „ჩონჩხის“ შედგენაში მონაწილეობის მიღებას საპროექტო გუნდთან ერთად, თითოეული სამუშაოს მიმდინარეობის კონტროლს, დამკვეთთან ურთიერთობას, გრაფიკების შედგენას, რესურსის განაწილებას, ხარისხის კონტროლს და ა.შ.
– რას ნიშნავს თქვენთვის მსგავს ორგანიზაციაში მუშაობა?
– როცა მუშაობ კომპანიაში, რომლის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ხარ და დაარსების დღიდან იცნობ, მასთან სხვა დამოკიდებულება გიყალიბდება. არ უყურებ როგორც რიგით სამსახურს, გიჩნდება მეტის შექმნის სურვილი და იცი, რომ წლების შემდეგ, როცა ეს კომპანია დიდ მასშტაბებს მიაღწევს, შენთვის საამაყო იქნება, რადგან მის მშენებლობაში აგური შენც დაგიდია. დიდი სტიმულია, როდესაც ნულიდან დაწყებული საქმე შენს თვალწინ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და წარმატებული ხდება.
ამ ეტაპზე ვართ პროგრესირებადი, სტაბილურად მზარდი კომპანია, ვცდილობთ ყოველდღიურად განვვითარდეთ, დავუშვათ ნაკლები შეცდომები და ვისწავლოთ თითოეული შეცდომისგან. გვაქვს მიდგომა, შეგვაფასონ ჩვენს მიერ შესრულებული საქმის ხარისხით და ჩვენმა შექმნილმა პროდუქტმა ისაუბროს ჩვენს პროფესიონალიზმზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მიღებული შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ დავრჩენილვართ და გვიფიქრია, რომ უკეთესად შეგვეძლო. ამას ყოველთვის ვიღებთ რეალობად, ვუსწორებთ თვალს და ვცდილობთ უფრო მეტად გაუმჯობესებას. გვინდა, თითოეული შექმნილი პროდუქტი წინამორბედზე უკეთესი იყოს, მცირედით მაინც და ასე გავაგრძელოთ წინსვლა.
– რა შესაძლებლობებს აძლევს გუნდის წევრებს ,,ვერგე“ დღეს?
– დღევანდელი მდგომარეობით ,,ვერგე“ საშუალო კალიბრის მოთამაშეა ბაზარზე, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მართალია კომპანიას აქვს 4 წლიანი ისტორია, თუმცა აქ მუშაობენ სპეციალისტები, რომლებსაც ამ სფეროში მუშაობის 8-10 წლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. 4 წლის თავზე, კომპანიამ იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გამოცდილ კადრებთან ერთად, ჩვენი გუნდი შედგება ასევე ახალგაზრდა წევრებისგან, რომელთა უმეტესობისთვის ,,ვერგე“ პირველი პროფესიული სამსახურია. ეს ნიშნავს, რომ კომპანია აძლევს ახალგაზრდა ადამიანებს თავის გამოვლენის საშუალებას, ასევე სამუშაო გარემოში მარტივად ადაპტაციის, საკუთარი თავის გამოცდის და რეალიზების მეტ შესაძლებლობას. დამეთანხმებით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამახსოვრდება, რაც პირველად ხდება. ასეა პირველი სამსახურიც, პირველი შემოსავალი და დამოუკიდებლად ცხოვრების შეგრძნება. მართალია ბუნებრივი პროცესია, თუმცა ჩვენთვის ცოტა მტკივნეული, როდესაც კომპანიის და მასში მომუშავე ადამიანების გზები იყრება ხოლმე, თუმცა ამაყებიც ვართ იმ მოცემულობით, რომ აქედან ადამიანი მეტი პროფესიული ცოდნით და სამსახურეობრივად ჩამოყალიბებული აზროვნებით მიდის.
– რა სირთულეებს აწყდება ამ სფეროში პროფესიონალი კადრი და როგორ უმკლავდება მას?
– საინჟინრო სფეროში გამოწვევა და სირთულე ბევრია, თუმცა პროფესიონალიზმის საზომი ერთეული, რომ არსებობდეს, ალბათ სწორედ ამაზე იქნებოდა დამოკიდებული თუ რამდენად მარტივად უმკლავდები სხვებისთვის რთულ ამოცანებს.
– თქვენს მაგალითზე თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დიდი გამოწვევა, ასევე დაბრკოლება, რომელიც წარმატებით გადალახეთ?
– ასე თქმა გამიჭირდება, თუ რა იყო ყველაზე რთული მომენტი, მაგრამ გეტყვით თუ რა დამეხმარა უფრო მეტად ამ სფეროში. ეს არის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. შეიძლება მარტივად ჟღერდეს, მაგრამ როცა რჩებით საკითხის პირისპირ, სადაც თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და არავინ სხვამ, გადამეტებული ყოყმანის გარეშე უნდა გააკეთოთ ეს და არ შეგეშინდეთ შეცდომების. გამომდინარე იქედან, რომ გვიწევს როგორც პროექტირება ასევე სამონტაჟო ასპექტებში სხვა პროექტების შესწავლა, პროექტების ანალიზისას იკვეთება ბევრი უზუსტობა, ხოლო დაშვებულ შეცდომებზე სწავლა ყველაზე დიდი მასწავლებელია.
– ხშირად ისმის წუხილი, რომ თქვენს სფეროშიც გამოცდილი თანამშრომლების დეფიციტია…
– ეს ნამდვილად პრობლემაა, მხოლოდ საინჟინრო სფეროს არ ეხება, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში თავის სფეროში პროფესიონალი თანამშრომლების ნაკლებობაა. ამას აქვს გარკვეული მიზეზები, თან ძალიან მარტივი მიზეზები, რაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთ-ერთს მაინც დავასახელებ. ეს არის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მიერ არაჯეროვნად შესრულებული მოვალეობა. მაგალითად, საპროექტო მიმართულებით ძირითადი აქცენტი გვაქვს სტუდენტებზე, რომელთაც აქვთ გარკვეული საბაზისო განათლება, რათა უკვე კონკრეტულად აითვისონ გარკვეული მიმართულებები. სიამაყით ვამბობ, რომ არაერთისგან გამიგია უკვე, რომ ჩვენთან გავლილი სტაჟირების პერიოდის შემდეგ, გაცილებით უფრო მეტი გაიგეს და ისწავლეს თავიანთ პროფესიაზე, ვიდრე უნივერსიტეტში გატარებული წლებისას.
– ასეთ პირობებში, როგორ ხედავთ აღნიშნული სფეროს განვითარებას?
– მხოლოდ განათლების დონის ამაღლებით, მეტი პრაქტიკული განათლებით, მეტი პროფესიული საქმიანობის პოპულარიზაციით, ცოდნის გაზიარებით.
– არის თუ არა ეს პროფესია მოთხოვნადთან ერთად, პოპულარული და განვითარებადი დღეს?
– მოთხოვნადი და პერპექტიული ცალსახად არის, პოპულარული ალბათ ნაკლებად. განვითარებას რაც შეეხება, თუ მონდომებული და მიზანდასახული ხარ, ყველა სფეროში დაფასებული იქნები. თუ მიიჩნევ, რომ მიზნის მისაღწევად მონდომება და შრომა გიფასდება, მაშინ სწორ ადგილას ხარ.
– განვმარტოთ რატომ არის თქვენი პროფესია ასეთი საპასუხისმგებლო…
– ზოგადად იმ საქმეს, რასაც ვაკეთებთ თუ პროფესიას ვეძახით, მაშინ ნებისმიერ პროფესიაში უპასუხისმგებლობა მიუღებელია. კონკრეტულად ჩვენს სფეროში, ვმუშაობთ ისეთ მიმართულებებზე, რომელთა ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეხება გვაქვს უსაფრთხოების სისტემებთან, საევაკუაციო სისტემებთან, შენობა-ნაგებობების საგანგებო და ავარიული სიტუაციების დროს მართვის სისტემებთან, რაც დამიჯერეთ მაღალ პასუხისმგებლობას და სიზუსტეს მოითხოვს.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ამ დარგში და როგორია თანამედროვე ტენდენციები?
– ეს დარგი ყოველდღიურად ვითარდება, გუშინ რაც ინოვაცია იყო, შეიძლება ხვალ სტანდარტული გახდეს, ზეგ კიდევ მოძველებული. უნდა ვეცადოთ მხარი ავუბათ ტენდენციებს და მუდამ ვიფიქროთ განვითარებაზე.
– როგორ წარმოგიდგენიათ MEP ინჟინერიის როლი და ფუნქცია უახლოეს რამდენიმე წელში, როცა ასე სწრაფად იცვლება და წინ მიდის ტექნოლოგიები?
– შეიძლება მომავალი 5-10 წელი ტექნოლოგიური განვითარების პიკიც იყოს, თუმცა ვფიქრობ ამ პროფესიას ,,გადაშენება“ არ უწერია. ტექნოლოგიური განვითარება შექმნის ახალ გამოწვევებს, შესაბამისად ყოველთვის საჭირო იქნება ადამიანი, რომელიც რთულ სიტუაციებში, ინჟინრულად სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.