გათბობის სისტემები – მარტივი მიგნებიდან თანამედროვე ტექნოლოგიამდე

ადამიანის არსებობისათვის ტემპერატურული გარემო ისეთივე საჭირო და მნიშვნელოვანია, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები. სითბოზე ზრუნვა, რაც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა, ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ დაიწყეს. თუ დღეს სითბოს მიღება ჩვენთვის მარტივი პროცესია და თანამედროვე მოწყობილობების დახმარებით, თითის ერთი დაჭერით ვიღებთ სასურველ შედეგს, საქმე არც ისე ადვილად იყო ჩვენი წინაპრებისთვის, რომლებიც გაბედულად ებრძოდნენ ზამთარს და სიცივეს. ეს იყო ხანგრძლივი მოგზაურობა უწყვეტი ადამიანური ძალისხმევით, საინტერესო მიგნებებით და აღმოჩენებით, რამაც გათბობა ყველასთვის ასე კომფორტული და ადვილად ხელმისაწვდომი გახადა. საუკუნეების წინ შექნილი ტექნოლოგიები გავაუმჯობესეთ, დავხვეწეთ, გავამარტივეთ და დღეს თანამედროვე სისტემებით ვიწონებთ თავს.

მოდით გადავხედოთ წარსულს – როგორია გათბობის სისტემების ევოლუცია და როგორ რჩებიან დღემდე საუკეთესო იდეებად კაცობრიობის ისტორიაში პირველი მიგნებები.

სითბოზე ფიქრისას, ალბათ პირველი ცეცხლი გვახსენდება. თავდაპირველად გასათბობად, საჭმლისა და საყოფაცხოვრებო იარაღების დასამზადებლად სწორედ ის გამოიყენებოდა. მოგვიანებით ადამიანმა დაიწყო ქვის და თიხის ღუმელის დამზადება. ამას მოჰყვა წყლით და ჰაერით გათბობის ცენტრალური დანადგარები. გათბობის სისტემის პიონერებად მიიჩნევიან ძველი ბერძნები და რომაელები.  ძვ. წ. X საუკუნეში დაარსებულ ქალაქ ეფესოში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) გასათბობად გამოიყენებოდა საქვაბე, რომელიც შენობის სარდაფში იყო განლაგებული და მილსადენებით უკავშირდებოდა შენობის თითოეულ სივრცეს და აწვდიდა გათბობისთვის საჭირო ენერგიას.

,,ყველაფერი ახალი, რომ კარგად დავიწყებული ძველია“ – ეს თანამედროვე იატაკქვეშა გათბობაზეც შეგვიძლია ვთქვათ. აღნიშნული სისტემის წიაღებს თუ ჩავეძიებით, გავიგებთ შემდეგს: – თანამედროვე გათბობის სისტემებს შორის ყველაზე გამართულ მოდელს, ძველ რომში ჰიპოკაუსტი ერქვა (ბერძნ. Hypo – ქვეშ, ქვემოთ; kaustos – ცხელი, გავარვარებული). ეს იყო პირველი იატაკქვეშა გათბობის სისტემა.

ჰიპოკაუსტი

ის ძველ რომში ძვ.წ. III-IV საუკუნეებში გაჩნდა. შენობა თბებოდა იატაკსა და კედლებში გაყვანილი სპეციალური არხებით, რომლებშიც მიეწოდებოდა ღუმელიდან გამოსული ცხელი ნამწვი აირები. პირველად ეს სისტემა გამოიყენეს საზოგადოებრივ აბანოებში, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული ძველ რომსა და საბერძნეთში, შემდეგ კი – ევროპისა და აზიის ქვეყნებში. ჰიპოკაუსტის სისტემა იყო გიმნაზიებში, სასტუმროებში, საზოგადოებრივ შენობებში და ა.შ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, მცხეთის რაიონში, ძალისის ნაქალაქარის (ძვ. წ. II – ახ. წ. VIII სს.) და არმაზისხევის (ახ. წ. II-III სს.) გათხრების შედეგად აღმოჩენილ აბანოებსა და ტაძარ-სასახლეებში გათბობის მიზნით, გამოყენებული იყო გათბობის ჰიპოკაუსტური სისტემა.

რომაელების პარალელურად, ცენტრალური გათბობის სისტემა, ე.წ. კანი (kang) გვხვდება ჩინეთში და ონდოლი -კორეაში. ეს სისტემები ჰგავს რომაულ ჰიპოკაუსტს და დღესაც იყენებენ აღნიშნულ ქვეყნებში.

შუა საუკუნეებში (VI-XV სს.) რომში შექმნილი ცენტრალური გათბობის სისტემები დავიწყებას მიეცა. მსგავსი ტექნოლოგიების განვითარებას ყურადღება აღარ ექცეოდა. ციხესიმაგრეების, მონასტრების, ტაძრების და სხვა საზოგადოებრივი შენობების გასათბობად ძირითადად გამოიყენებოდა ცენტრალური ჰაერით გათბობა ჰაერსადენების მეშვეობით. ამ პერიოდში სითბოს წყაროდ, ძირითადად, გამოიყენებოდა ღუმელი და ბუხარი, თავდაპირველად თიხის და აგურის, შემდეგ კი ლითონის. მათ ღია ცეცხლისგან განსხვავებით, დაემატა საკვამლე მილიც. ევროპაში  გავრცელდა კერამიკისგან დამზადებული შორენკეცის (კაფელის) ღუმელი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი თბური გამოყენება. 1741 წელს, აშშ-ში ბენიამინ ფრანკლინმა გამოიგონა ღუმელი, რომელიც იყო წინამორბედებზე გაცილებით უსაფრთხო, უფრო კარგად ინარჩუნებდა და გამოყოფდა სითბოს.

ფრანკლინის ღუმელი

1675 წელს ინგლისელმა მეცნიერის ჯონ ეველინის მიერ ორანჟერეის გათბობის მიზნით, დამუშავებული იქნა წყლით გათბობის სისტემა, სადაც წყალი თბებოდა ქვაბში და ფოლადის მილებში ცირკულირების შედეგად გადასცემდა სითბოს. 1770 წელს ჯეიმს უატმა, ფაბრიკის შენობის გასათბობად, გამოიყენა ორთქლი, ხოლო თბოგადამცემ ზედაპირებად – თუჯის რადიატორები. ამავე დროს, თუჯის ქვაბები გაჩნდა ინგლისში. მეცხრამეტე საუკუნის შუა ნახევრიდან დაიწყო ნახშირის გამოყენებაც, დოქტორმა თომას უოკერმა პირველმა აღმოაჩინა და გამოიყენა ნახშირი ამ მიზნებისთვის (აშშ, კენტუკი). მიუხედავად გათბობის სისტემების განვითარებისა, ჯერ კიდევ დომინირებდა ადგილობრივი გათბობა, როგორც უფრო მარტივი და იაფი საშუალება.

მე-19 საუკუნის ბოლოდან, იწყება ცენტრალური გათბობის სისტემების განვითარება ევროპასა და აშშ-ში. ამავე დროს იწყება თუჯის ქვაბების და რადიატორების გამოშვება.

მე-20 საუკუნიდან ცენტრალური გათბობა ფართოდ ინერგება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. თავდაპირველად კეთდებოდა ორთქლის ცენტრალური გათბობის სისტემები, ძირითადად, საზოგადოებრივ, სამრეწველო და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში. თბური გენერატორები (ქვაბები) უშუალოდ გასათბობი შენობების სარდაფებში იდგმებოდა. ორთქლის სისტემები თანდათან ჩაანაცვლა წყლით გათბობის სისტემებმა.

1855-1857 წლებში ფრანც სან გალიმ გამოიგონა რადიატორი

მსოფლიოში პირველი ენერგეტიკული კრიზისის დროს (1973 წელს), აშშ-მ და ევროპის განვითარებულმა ქვეყნებმა, დაიწყეს ფიქრი წიაღისეული სათბობის დაზოგვაზე. დაიწყო ალტერნატიული ენერგოწყაროების ძიება და ენერგომოხმარების დაზოგვის ღონისძიებები.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გათბობის მიზნით, გამოიყენება როგორც წიაღისეული სათბობი (ბუნებრივი გაზი, თხევადი სათბობი, ქვანახშირი), ასევე განახლებადი ენერგია (შეშა, ბიოგაზი, გარემოს ენერგია და სხვა). ახალმა ტექნოლოგიამ და მოდერნიზაციამ, წლების განმავლობაში გააუმჯობესა გათბობის სისტემები და ახლა სახლის გასათბობად უამრავი ეფექტური ვარიანტი გვაქვს.

დღევანდელ რეალობაში, როცა საუბარია გათბობის სისტემაზე, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, როგორც შიდა გამათბობელ მოწყობილობებზე, ასევე თვითონ გათბობის ენერგიის მისაღებ გზებზე.

ცენტრალური გათბობის სისტემა

დღევანდელი ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გათბობის ენერგია მივიღოთ ბუნებრივი აირისგან, გამოვიყენოთ გეოთერმული ენერგია, თბური ტუმბოების საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ ჰაერი-ჰაერი, ჰაერი-წყალი, წყალი-ჰაერი და წყალი-წყალი სისტემის კომბინაცია. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის სამაცივრე აგენტზე მომუშავე სისტემები, იატაკქვეშა და ჰაერით გათბობის სისტემები. ყველა ზემოთჩამოთვლილ სისტემას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები, შესაბამისად კონკრეტული შენობისთვის თუ დაწესებულებისთვის გათბობის სისტემის დაგეგმვისას დიდი მნიშვნელობა აქვს მის ფუნქციონალს, გეოგრაფიულ მდებარეობას, გარემო პირობებს და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების მიერ უნდა მოხდეს სწორი და ეფექტური დაგეგმარება, რათა მივიღოთ ენერგოეფექტური და გრძელვადიან პერსპექტივაში გამართულად მომუშავე ტექნოლოგია.

 

 

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

Batumi Build

,,ვერგე“ მონაწილეობდა გამოფენაზე Batumi Build 2024

კომპანია ,,ვერგემ“ მონაწილეობდა მე-13 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენაზე ,,Batumi Build 2024’’. გამოფენა 6-8 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა. ჩვენმა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას

ფანკოილი – რა უპირატესობები აქვს სხვა სისტემებთან შედარებით?

(Fan coil) ფანკოილი  HVAC სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ის გამოიყენება საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო შენობებში ჰაერის გათბობისა და გაგრილებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული დანადგარი