რამ შეიძლება იმოქმედოს წყალზე, რომელსაც ვსვამთ, ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ, სითბოსა და სიგრილეზე, რომელიც ზამთარ-ზაფხულ კომფორტს გვიქმნის… რა ხდის შენობას უსაფრთხოს და საცხოვრებლად გამოსადეგს? – მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემების გონივრული გადაწყვეტა (MEP) ჩვენს ცხოვრებას უფრო დაცულსა და საიმედოს ხდის.
თუ როგორ მივყავართ MEP სისტემებზე მუშაობისას, დროში გაწერილ და სწორად დაგეგმილ პროცედურებს სასურველ შედეგამდე, ამაზე ჩვენს ბლოგში თანმიმდევრულად მოგიყვებით. ხარჯების შემცირება, ენერგოეფექტურის გაზრდა და მეტი მდგრადობა – ამ ყველაფრის მიღწევა პროფესიონალთა რჩევით უფრო მარტივია.
პირველ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დაგვჭირდება. ეს აერთიანებს არამარტო ნახაზებს და იმ სტანდარტებს, რასთან შესაბამისობაშიც იქმნება პროექტი, ასევე მოიცავს განფასებებს, ღირებულებებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. პროექტირება იწყება დამკვეთის მიერ მოწოდებული ტექნიკური დავალების საფუძველზე. მან უნდა წარმოადგინოს არქიტექტურული ნახაზების სრული პაკეტი: გეგმები, ჭრილები, ფასადები, მასალათა სპეციფიკა… ასევე 41 ექსპერტიზა, სრულყოფილი ტექნოლოგიური ნახაზები, განათების დიზაინი და ინტერიერის დიზაინი.
პროექტირება შედგება მინიმუმ სამი ეტაპისგან: კონცეპტი-დიზაინი, საპროექტო პრინციპებზე და ნორმებზე შეთანხმების აღწერა, ზოგადი განმარტებები.
სქემატური დიზაინი მოიცავს პირველად ანგარიშებს, ტექნიკური სივრცეებისა და შახტების დადგენას, გეგმების ტრასირებას, განლაგებებს.შემდეგი ეტაპი დეტალური დიზაინია: დეტალური გეგმების მომზადება, ანგარიშები, ჭრილები, პრინციპიალური სქემები, სპეციფიკაციები.
რა უნდა გვქონდეს აუცილებლად:
- განმარტებითი ბარათი
- ნახაზების უწყისი – სარჩევი
- ნახაზები – გეგმარებები
- პრინციპიალური სქემები
- აქსონომეტრიული ნახაზები
- პროექტის საერთო ანგარიშები
- კაბელების და ავტომატური ამომრთველების გამოთვლები
- განათების გამოთვლები
- ძირითადი დანადგარების სპეციფიკაციები
- მასალათა სპეციფიკაცია
განმარტებითი ბარათი
დოკუმენტაციაზე მუშაობის დასაწყებად, აუცილებელია გვქონდეს პროექტის საერთო განმარტებითი ბარათი. ეს არის ნახაზების ვერბალური ნაწილი – სიტყვიერად გადმოცემული მთავარი სათქმელი. მაგალითად, პროექტში ჩადებული კალკულაციები, სისტემების განხილვა, შესაბამისი სტანდარტები, გადაწყვეტებები და სხვა. მართალია განმარტებითი ბარათი სიაში პირველია, თუმცა საპროექტო დოკუმენტაციის ბოლოს, დასკვნით ეტაპზე იქმნება. შეგვიძლია განმარტებითი ბარათი დეტალებით გავამდიდროთ და კონკრეტული სისტემისა თუ მასალის აღწერისას, ვიზუალიზაციისთვის ფოტოებიც დავურთოთ.
ნახაზების უწყისი – იგივე სარჩევი
განმარტებით ბარათთან ერთად, უნდა გვქონდეს ნახაზების უწყისიც – სარჩევი, სადაც ყველა ფურცელი დანორმილი და დასახელებულია. ეს იმისთვის, რომ უცხო თვალი დეტალურად გაეცნოს პროექტს. კონკრეტულ ნახაზს შესაძლოა შესაბამისი კოდი ჰქონდეს მინიჭებული და ნუმერაციის მიხედვით მოვძებნოთ სასურველი მასალა.
გეგმარებები და პრინციპიალური სქემები
გეგმარება არქიტექტურულ ნახაზებზე დატანილი საინჟინრო სისტემებია. მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ნახაზებია, სადაც თავმოყრილია ყველა შესაბამისი სისტემის გეგმარება. ეს მოიცავს როგორც გაერთიანებულ ასევე, ცალკეულ გეგმას (მექანიკა-ელექტროობიის შესახებ). მაგალითად წყალმომარაგება, კანალიზაცია, ვენტილაცია, გათბობა-გაგრილება, ელექტრობა და სუსტი დენები – ეს 7 პოზიცია, რაც ელეტრო-მექანიკურ გადაწყვეტებს გულისხმობს, უნდა იყოს როგორც ერთიანი ნახაზის სახით, ასევე ცალკეულად ჩაშლილი. ყველა სისტემას თავისი სქემატური ნახაზი აქვს. მათი შედგენისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რამდენად კითხვადი იქნება ის. მაგალითად, როდესაც მილია დახაზული, უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება – მასალის პირობითი აღნიშვნებით და აღწერით (დიამეტრი, კვეთი და ა.შ.). პრინციპიალური ნახაზი შინაარსობრივად იგივე გეგმარებაა, მოცემული სქემატურ ჭრილში – დახაზულ გეგმას ვაწყობთ სქემაში. ამ შემთხვევაში, კარგად ჩანს სისტემის მუშაობის პრინციპი. თუ მოცემული გვაქვს სასტუმრო და გათბობის სისტემა, მსგავსი ტიპის ნახაზში ჩანს ყველა სართულზე თანმიმდევრულად მომუშავე ერთიანი სისტემა, ვხედავთ როგორია ჩილერის, ქვაბის ადგილმდებაროება, გაყვანილობა და სხვა. სქემატური ნახაზით მარტივად ვკითხულობთ პროექტს. გეგმარების მსგავსად, აქ აუცილებელი არ არის კონკრეტული მილის დიამეტრები მოვნიშნოთ, საკმარისია უბრალოდ ვაჩვენოთ მილი. ყველა სისტემას საკუთარი სქემატური ნახაზი აქვს.
აქსონომეტრიული ნახაზები
აქსონომეტრიული ნახაზები ვიზუალური მხარის უკეთ წარმოჩენისთვის იქმნება. მაგალითად, შეგვიძლია სამგანზომილებიანი გამოსახულება შევქმნათ და სისტემის შემადგენელი რომელიმე რთული კვანძი ვაჩვენოთ ან რამდენიმე მილის კვეთა გამოვიტანოთ თვალსაჩინოებისთვის. მსგავსი ნახაზი ყველა პროექტს აქვს. ის უფრო მეტად გარეშე თვალისთვის იქმნება, მაგალითად დამკვეთისთვის. როგორც კი აქსონომეტრიულ ნახაზს აჩვენებ, ის მარტივად წაიკითხავს პროექტს.
პროექტის საერთო ანგარიშები
პროექტირების დასაწყებად ერთ-ერთი აუცილებელი პოზიცია არის შენობის თბოტექნიკური ანგარიში, რაც გულისხმობს შენობისთვის საჭირო გათბობა-გაგრილების ენერგიის განსაზღვრას. თბოტექნიკური ანგარიშის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს შენობის ყველა გადამღობი კონსტრუქციის (გარე კედელი, იატაკი, ჭერი, შემინვა და ა.შ.) ანგარიშები, მათი შემადგენლობა და გამოყენებული მასალების მახასიათებლები. აღნიშნული ანგარიში მნიშვნელოვანია შენობის ენერგოეფექტურობის დასადგენად, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს გათბობა-გაგრილების მთავარი დანადგარების შერჩევასა და მოხმარებული ენერგიის რაციონალურად გამოყენებისთვის.
ჰიდრავლიკური დათვლები გვჭირდება იმ დანადგარის უკეთ შესარჩევად, რომელიც კონკრეტულ სისტემას უნდა მოემსახუროს. მაგალითად, მსგავსი სამუშაო უნდა გავწიოთ წყალმომარაგებისა და ხანძარქრობის სისტემებზე. ავიღოთ წყალმომარაგების ჰიდრავლიკა – საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც 20 ან 22 სართულიანია, ისე უნდა გავთვალოთ ყველა დეტალი, რომ ბოლო სართულების მცხოვრებლები წყლის წნევის უკმარისობით არ შეწუხდნენ. თუ საკმარისი წნევა მე-20 სართულამდე ვერ აღწევს, წყლის რეზერვუარს ამონტაჟებ, დგამ ტუმბოს და მისი დახმარებით ქმნი დამატებით წნევას. სისტემის ნახაზებში მოცემულია ყველა პროცესი – შახტებში როგორ ჩადის წყალი, მომხმარებლამდე როგორ მიდის მილებით… ყველა მილის, გადაბმას აქვს თავის წნევის დანაკარგი, ამ ყველაფერს ითვლი და საზღვრავ რა წარმადობის ტუმბო იქნება საჭირო აღნიშნულ შენობაში. მნიშვნელოვანია დანადგარის სწორად შერჩევა, რათა ზედმეტი ხარჯისგან დაზღვევა მოხდეს. წყალმომარაგებაში ჰიდრავლიკური დათვლების მეშვეობით, ვქმნით სასურველ წნევას, რაც მოცემულ მომენტში გვჭირდება.
წყალმომარაგებასა და კანალიზაციასთან ერთად, ჰიდრავლიკური დათვლები წვიმის წყლისა და სანიაღვრე სისტემის დროსაც იქმნება. მაგალითად, სახურავიდან წყლის გადაღვრის თუ გარე პერიმეტრზე სანიაღვრე არხების მოწყობისას. იმისთვის, რომ არ დაიტბოროს საპარკინგე სივრცე (მიწისქვეშა პარკინგი) აუცილებელია ავარიული გადაღვრის სისტემის მოწყობა. ჰიდრავლიკური დათვლების დროს უნდა გავითვალისწინოთ ობიექტის ადგილმდებარეობა და წვიმის სიხშირე. ნალექების გათვალისწინებით, თბილისსა და ბათუმში შენობისთვის სხვადასხვა დიამეტრის მილები დაგვჭირდება.
დათვლის პრინციპი იგივეა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, იქნება ხანძრის თუ გათბობა-გაგრილების სისტემები. ვენტილაციაზეც მსგავსი პროცედურაა, მაგრამ თუ აქ წყალთან გვაქვს საქმე, იქ ჰაერის გადაადგილებასა და ცვლასთან. ჰაერკვეთების, ცხაურების, ყველა მუხლის აწყობა ხდება პროექტში და იმის მიხედვით დგება ჰიდრავლიკური ანგარიში. შემდეგ არჩევ სასურველ დანადგარს.
ჰიდრავლიკური ანგარიში საკანალიზაციო სისტემებში არ გვჭირდება, რადგან თვითდინებადი სისტემაა და წნევის შექმნა რეკომენდებული არ არის. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ვიყენებთ – თუ თვითდინებით არ ხდება წყლის სვლა. ვაკეთებთ სატუმბს, სადაც გროვდება საკანალიზაციო მასა და ხელოვნურად ვქმნით წნევას.
მილების დიამეტრების სწორად დათვლა მნიშვნელოვანია: რამდენ სართულიანია შენობა, რამდენი სველი წერტილია, რა რაოდენობაა მცხოვრებლების… ამის გათვალისწინებით, სტანდარტების შესაბამისად ადგენ მილის დიამეტრების ანგარიშს. აუცილებელია წნევის შექმნის დროს, მილის დაახლოებით 60-იდან 80 პროცენტამდე იყოს შევსებული. ზუსტად უნდა გამოითვალო მილის დახრაც.
კაბელების და ავტომატური ამომრთველების გამოთვლები
კაბელების და ავტომატური ამომრთველების გამოთვლები საჭიროა სისტემის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.
არსებობს სხვადასხვა იზოლაციით, კვეთისა და მასალის კაბელები. პროექტირების პერიოდში თუ კაბელის კვეთი სწორედ არ შეირჩა, შეიძლება გადახურდეს სადენი და დადნეს, ან გრძელ მანძილზე დავკარგოთ ძაბვა და გამოიწვიოს აპარატურის დაზიანება. კაბელის გამოთვლების დროს, გასათვალისწინებელია მანძილი და სიმძლავრე, რათა სწორედ შეირჩეს მისი კვეთი.
ასევე კაბელები განსხვავდებიან დამცავი იზოლაციითაც. კაბელის იზოლაციის შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ სად გადის და რა არის მასზე დაერთებული. იმ შემთხვევაში, თუ კაბელი ემსახურება სახანძრო სისტემების კვებას, შესარჩევია სადენი ხანძარმედეგი იზოლაციით. კაბელი თუ მონტაჟდება შენობაში აუცილებლად უნდა იყოს არაჰალოგენური და დაბალ კვამლიანი, ანუ წვის პერიოდში არ უნდა გამოყოფდეს მხუთავ აირს, მხოლოდ მცირე კვამლს.
პროექტირების პერიოდში, ასევე გასათვლელია კაბელის მასალა (ის მზადდება ალუმინისგან და სპილენძისგან). ძირითადად პროექტირების პერიოდში გამოიყენება სპილენძის მასალა, რადგან უკეთესი გამტარია და ალუმინთან შედარებით, უფრო მცირე კვეთის კაბელი სჭირდება (თუმცა ალუმინი ფასის მხრივ, ბევრად იაფია). ძირითადად, ეს მასალა დამკვეთთან თანხმდება, მისი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ასევე პროექტირების პერიოდში აუცილებლად გასათვალისწინებელია ავტომატური ამომრთველის სწორედ შერჩევა. ავტომატური ამომრთველის ძირითადი ფუნქცია კაბელის გადატვირთვისგან და გადახრებისგან დაცვაა.
განათების გამოთვლები
ასევე პროექტის პერიოდში კეთდება განათების გამოთვლებიც, რაც რეალურად წარმოადგენს განათებულობის მოდულირებას დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში. მსგავსი გამოთვლები გვეხმარება პროექტირების ეტაპზევე სწორედ შევარჩიოთ სანათების სიმძლავრეები, რათა მივიღოთ საჭირო განათებულობა.
ძირითადი დანადგარების სპეციფიკაციები
ძირითადი დანადგარების სპეციფიკაციების სიის შედგენა ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია. შემსრულებელს საქმე უადვილდება, როდესაც ცალკეა მუშა ძირითადი დანადგარების სია და ცალკე მეორადი მასალებისა და ელემენტების (მილები, მუხლები და სხვა). მაგალითად ჩილერი, AHU – სავენტილაციო ჰაერშემომტანი დანადგარი თუ სატუმბი სადგური, მათ დეტალური სპეციფიკაცია სჭირდება. დანადგარების შეკვეთისას, მწარმოებელი უამრავ დეტალზე გთხოვს ინფორმაციის მიწოდებას: როგორია შიდა და გარე ტემპერატურა ტერიტორიაზე, სადაც დანადგარის გამოყენება ხდება; რამდენია წყლის ტემპერატურა; რა ტენიანობაა მუშა სივრცეში და სხვა. მსგავსი დეტალები აუცილებელად მორგებული და გათვალისწინებული უნდა, თუ რა ფართს მოემსახურება დანადგარი. ტენიანობა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რაც უნდა ეწეროს სპეციფიკაციაში. სავენტილაციო დანადგარზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ფილტრაციის სისტემის შესახებაც, რადგან სხვადასხვა სივრცეს განსხვავებული ფილტრაცია სჭირდება.
საერთო მასალათა სპეციფიკაცია
აუცილებელია პროექტში ნახსენები ყველა მასალა აღვწეროთ. იქნება მილები, ჰაერსატარები, ცხაურები თუ სხვა. ყველა მათგანის დეტალი უნდა გვქონდეს გაწერილი და ჩაშლილი. ყველა სისტემის სპეციფიკაციები ცალ-ცალკე სიებად უნდა ჩაიშალოს. ვწერთ მახასიათებლებს, კონკრეტულ ბრენდს არა.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, მასზე არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანი პროცედურები მოსდევს… თუმცა შემდეგ ნაბიჯებზე მომდევნო ბლოგში ვისაუბროთ.